კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას შუალედურ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატების დასახელებისკენ მოუწოდებს
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ და შუალედურ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატების დასახელებისკენ მოუწოდებს.
კუკავას განმარტებით, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების კონკურენცია.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მზად არის, ყველა საარჩევნო ოლქში საკუთარი პარტიის ინტერესები უკან გადაწიოს.
„2019 წლის 19 მაისს ტარდება შუალედური არჩევნები პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და მთელ რიგ თვითმმართველ ერთეულებში. ეს არის არა უბრალოდ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში მიმდინარე კენჭისყრა, არამედ ეს არის გენერალური ტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რეალურად, ეს იქნება პლებისციტი, რამდენად იზიარებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კურსს, რომელიც ხელისუფლებამ აიღო არჩევნების შემდეგ და პირველ რიგში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. 19 მაისს ქართულმა საზოგადოებამ უნდა მისცეს ან არ მისცეს თანხმობა ბიძინა ივანიშვილს მურუსიძის, ჩინჩალაძის და ამ კლანის სასამართლო სისტემაში გაბატონებაზე, ხოლო კობახიძეების, ზარდიაშვილების და ამ ჯგუფის პარლამენტში და საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაბატონებაზე“, – განაცხადა კუკავამ.
მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ქართველმა ხალხმა ყოველგვარი ქაოსისა და მიტინგებს გარეშე გამოხატოს საკუთარი აზრი ქვეყნის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გარდა „ოცნებისა“ და წინა ხელისუფლებასთან ასოცირებული პარტიებისა, შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე ყველა საარჩევნო ბლოკში. დღეს მთავარი მოთხოვნა არის, მესამე ძალა გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. შუალედური არჩევნები არის არაჩვეულებრივი შანსი, რომ სხვადასხვა არასაპარლამენტო პარტიები შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე და ერთად შევძლებთ „ქართული ოცნებასთან“ და „ნაციონალური მოძრაობასთან“ კონკურენციას. ცალ-ცალკე ამის საშუალება არ გვაქვს. მივმართავ ყველას, მიუხედავად მათი გემოვნებისა და იდეოლოგიური განსხვავებებისა, შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე“, – განაცხადა კახა კუკავამ.