კახა კუკავა - 1991 წელს გიგა ბოკერია რუსთაველზე რუსეთის ჯარის გვერდით იდგა, დავით ბერძენიშვილის ჯაშუშობაზე კი, მე არ აღმიძრავს საქმე, სააკაშვილმა აღძრა
ქვეყანა არის ძალადობის ზღვარზე, იწყება ღრმა ეკონომიკური კრიზისი, ცეცხლშია ქვეყანა, ნავთი დავასხათ, თუ ცეცხლი ჩავაქროთ, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, რადგან ქვეყნის განვითარებისთვის პროპორციული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.
„თავად მიშა სააკაშვილმა შემოიტანა ის, რომ ყველა, ვინც განსხვავებული იყო თავისი პოზიციისგან, გამოცხადდა რუსეთის ჯაშუშად. შალვა ნათელაშვილიც, ბერძენიშვილის, რომელიც მასთან ახლა პროდასავლურ კოალიციაშია. პროპუტინული, პროპუტინული, რომ გაიძახით, გუბაზ სანიკიძე ორი წელი იყო ნინო ბურჯანაძესთან და პროპუტინულია? ბოკერიას ბიოგრაფიაც მოიკითხეთ, რას აკეთებდა, რუსეთის ჯარი რომ შემოიჭრა რუსთაველის გამზირზე. ბევრი „ნაციონალი“ შეიძლება სულ არ მომწონდეს, მაგრამ მახსოვს ამ ქვეყნის პოლიტიკა. თუ პოლიტიკაში ყოფნა გვინდა, ვერც „ნაციონალებს“ ვერ გავამარგინალებთ“, – განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, ვიდრე „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე წავიდოდა, სხვადასხვა პარტიის ლიდერებს დაურეკა და აზრი ჰკითხა.
„დავურეკე დავით ბაქრაძეს, ვკითხე, პოზიცია მაინტერესებდა და დათომ მითხრა, არაფერ პრობლემას არ ვხედავო, უბრალოდ ფორმა არ მოგვწონს პოლიტსაბჭოს ივენთი რომ არისო, თორემ ამ ინციატივას სრულად მხარს ვუჭერთო“, – განაცხადა კახა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს სიტყვა შეაწყვეტინა „ევროპული საქათველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, რომელმაც ჟირინოვსკისთან შეხვედრა შეახსენა. როგორც კუკავამ აღნიშნა, არ უარყოფს ჟირინოვსკისთან შეხვედრას, თუმცა ამით არაფერი დაშავებულა. „1991 წელს რუსეთის რეგულარული ჯარები გენერალ ბეპაევის მეთაურობით შემოიჭრა რუსთაველის გამზირზე, დაამხო ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც ესენგეში შესვლა არ უნდოდა და კითხე იმ შენ ბოკერიას, სად იყო მაშინ? ამბოხებულებში იყო, თუ კანონიერ ხელისუფლებას იცავდა. რუსეთის რეგულარულ ჯარს გვერდზე რომ ედგა და დროშას უქნევდა, ეს ნაკლები დანაშაულია? მიშა სააკაშვილს ჩემს წინააღმდეგ არ აღუძრავს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით, ბერძენიშვილის წინააღმდეგ აღძრა, რადგან ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს მიდიოდა, საელჩოში „აჩოტებს“ აბარებდა, თუ არ გახსოვთ, „ჩაგუგლეთ“ და „ჩააიუთუბეთ“, – განაცხადა კახა კუკავამ.