კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
„კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. გადაწყვეტილება არის მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტი, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო.
ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად, იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის შემცვლელს, კობახიძის თქმით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა.
„გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, წარმატებას ვუსურვებ გიორგის“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.