კახა კუჭავა - ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში შეთანხმება მიღწეული იქნება
კახა კუჭავა - ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში შეთანხმება მიღწეული იქნება

იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის, აუცილებელია, რომ დეტალებზე საჯაროდ არ ისაუბრონ.

„ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ვერ ვიტყვი იმაზე მეტს, ვიდრე ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს. აღვნიშნავ თვითონ ფაქტს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი კოლეგების, ჩვენი მეგობრების მხრიდან ჩართულობა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია, ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, გახდეს შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ ამ ქვეყანაში.

ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მათ შორის თქვენც გთხოვდით, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს დიდი მონდომება, სურვილი, მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, აუცილებელია, რომ ჯერჯერობით დეტალებზე არ ვისაუბროთ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვერ ვიტყვით და გავამხელთ იმ დეტალებს, რომელზეც იყო საუბარი. ამის შესახებ ხვალ იქნება, თუ ზეგ, რამდენიმე დღეში ყველა ისედაც გაიგებთ. მოთმინებით თუ მოვეკიდებით საქმეს, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ყველა იქნება კმაყოფილი.

ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ მოვისმინოთ რაციონალური წინადადება, მათ შორის ჩვენც წარვადგინოთ. შესაბამისად, ამის შესახებ გაგრძელდეს მსჯელობა. ეს მზაობა იყო ჩვენი მხრიდან ერთი წლის წინაც. გახსოვთ კიდეც, რომ მოეწერა ხელი 8 მარტის შეთანხმებას და შევასრულეთ ყველა ის პუნქტი, რომელიც ვალდებულებად ავიღეთ. ახლაც გამოვთქვამთ დიდ მზადყოფნას, რომ შეთანხმება წარმატებით დასრულდეს. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა. დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ვიხილავთ ამ კონკრეტული მოლაპარაკებებიდან შედეგს. კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრიდან არის მზაობა. გვაცადეთ და გაიგებთ ამასაც. აუცილებელია, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. როდესაც გარკვეული გამოწვევაა, გამოვიყენოთ შესაძლებლობად. ამ ეტაპზე ვართ ახლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ქვეყნისთვის და არა რომელიმე პირისთვის და პარტიისთვის, – განაცხადა კახა კუჭავამ.