საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და ასევე, სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებას გაესვა ხაზი.
იმსჯელეს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებსა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.
„უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს.
აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.