კახა კუჭავა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, სასარგებლო წიაღისეულის კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთვის მიერთება კარგად დასაფიქრებელი საკითხია.
როგორც კომიტეტის სხდომაზე მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას კუჭავამ განაცხადა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის საკითხს ყველა დეპუტატი მიესალმება და ძალიან საინტერესო პაკეტი იქნა წარმოდგენილი, რაც ქვეყნის განვითარებას წაადგება, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„კარგად დასაფიქრებელია, სასარგებლო წიაღისეულის მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთვის. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უნდა მოხდეს სისტემაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი, რომ ჯერ სამინისტროებს აერთიანებთ და არ იცით, რეალურად სად, რა, როგორ იქნება? თუ ვიცით, წარმოდგენილი რატომ არ იქნა, რომ საკითხი დეტალურად განგვეხილა და ზედაპირულად გაერთიანებაზე არ გვესაუბრა? ორი წლის წინ, პორტუგალიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება მოხდა, წელს კი, უწყებები ისევ გააერთიანეს და ეს გადაწყვეტილება დიდ შეცდომად აღიარეს. ეს არ ნიშნავს, რომ უწყება არ იმუშავებს, მაგრამ ამ ქვეყნებში გამოწვევების დონე და მოცულობა განსხვავებულია. იქ, სადაც უწყებები გაერთიანებულია, მაღალი დონის სტანდარტებია დანერგილი და მართვის სტრუქტურაც სხვაა, ხოლო თვითმმართველობებზე დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კუჭავამ.