კახა კუჭავა - შერიგების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი, მათი ჩართულობით გაცილებით დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება
საოკუპაციო ხაზზე რომ ჩავდივართ და ვხედავთ ოჯახებს, ახალგაზრდებს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გავამთლიანებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, ასევე მშვიდობის მშენებლობის პროცესით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
კახა კუჭავამ დამსწრეებს მშვიდობის საერთაშორისო დღე მიულოცა. მან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ყურადღება მშვიდობის მიღწევასა და შერიგების საკითხებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„63 მუნიციპალიტეტი მოვიარეთ და ყველგან ერთსა და იმავეს ვამბობ, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასე გაცილებით უფრო დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება. მშვიდობის კუთხითაც – მით უმეტეს დღეს, 21-ე საუკუნეში, არ მიმაჩნია, რომ რაიმე ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდების ჩართულობას. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მართლა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი მიწების დასაცავად ბრძოლა დაგვჭირდებოდა. სამშვიდობო და თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელსაც კონფლიქტის მოგვარების მიზნით ვახორციელებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა აქვს. შერიგების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ახალგაზრდების როლი. მათი გამოცდილება და ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. არსებობს წარმატებული მაგალითები და ეს ურთიერთობები რჩება რეალობად და იმედად, რომ აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას “, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ავსტრიაში ვიზიტისას, სადაც მას კოლეგებმა მხარდაჭერა და თანადგომა დაუდასტურეს.
კახა კუჭავამ იმ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და პარლამენტის სახელით, ახალგაზრდებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
„პარლამენტი ყოველთვის ღიაა ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ ის შედეგები, რომელსაც მივაღწევთ ერთად ამ გზაზე – გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამის მზაობა და სიმტკიცე არის. ეს სიმტკიცე ყველაზე მეტად, თვალნათლივ ჩანს ზუსტად საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში, სადაც 7 აგვისტოს ვიყავი. მოვინახულე საოკუპაციო ხაზი და შევხვდი ადგილობრივებს. მიხარია, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში სახელმწიფო მათ მხარში უდგას და არის კიდევ საკითხები, რაშიც გვთხოვეს დახმარება და რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.