კახა კუჭავა - სენატორებს სიტყვა „პოლიტპატიმარი“ არ უხსენებიათ, მათ წუხილი გამოთქვეს ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებაზე, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მან კანონი დაარღვია
სენატორები მიუთითებენ, რომ აუცილებელია, ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სენატორებს სიტყვა „პოლიტპატიმარი“ არ უხსენებიათ. კუჭავას თქმით, სენატორებმა წუხილი გამოთქვეს ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებაზე, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მან კანონი დაარღვია.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კუჭავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ რეალობა აღიქვას, რადგან საერთაშორისოდ აღიარებული არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვთ.
„სიტყვა „პოლიტპატიმარი“ საერთოდ არ იყო ნახსენები. გამოთქმული იყო წუხილი, რომ ხედავენ, ოპოზიციური ლიდერი დაკავებულია, თუმცა იქვე იყო ნათქვამი ისიც, რომ მან დაარღვია კანონი და კანონზე მაღლა არავინ დგას, აუცილებელია, კანონის უზენაესობას ყველამ პატივი სცეს, ვისურვებდით, რომ კანონს არ არღვევდნენ და სხვ.
პარტნიორებისთვის გაუგებარია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული არჩევნების შემდეგ, პარლამენტში ცარიელ ადგილებს ხედავენ. სენატორები მიუთითებენ, რომ აუცილებელია, ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა, პარლამენტში შემოსვლა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამბავია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ვიპოვოთ. ეს ნიშნავს კომპრომისებს და დამოკიდებულება, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უკვე კომპრომისია, ვერ იქნება ასეთად მიღებული დასავლელი პარტნიორებისთვის. მნიშვნელოვანია, ოპოზიციის მხრიდან რეალობა იყოს აღქმული. მათ საფუძველი არ აქვთ, არჩევნები კითხვის ქვეშ დააყენონ. აუცილებელია, გააგრძელონ პარლამენტში მუშაობა. ჩვენ ნაბიჯები უკვე გადავდგით საარჩევნო რეფორმის მომზადების მიმართულებით. არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ვინ ამუხრუჭებს მოლაპარაკებებს და ვის არ აქვს სურვილი, შეთანხმება იყოს მიღწეული, ეს ყველასთვის ნათელია. ამაზე დასკვნებს საზოგადოება აკეთებს. ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში თავად შეიყვანა და იმედია, გამოსავალს თავად იპოვიან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.