საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. კახა კუჭავა არჩილ თალაკვაძეს შეცვლის.
კახა კუჭავას კანდიდატურას დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. მის კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა.
„ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016-2020 წლებში ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში. 2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაცია „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
2007-2010 წლებში კახა კუჭავა გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული სამართლის სპეციალისტი. 2005 წელს, ასევე, 2001-2004 წლებში იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი გახლდათ. 2001-2004 წლებში ის დასაქმებული იყო იურიდიულ კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტის პოზიციაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.