კახა კუჭავა - საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი, წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში
საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი- წევრობა ევროკავშირში, ნატო-ში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანია, ვინც ნახავს თიანეთის ულამაზეს ხეობებს, სოფლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოსახლეობას, ერთადერთი ფიქრი გაუჩნდება – რაც შეიძლება მეტი გააკეთოს ამ მხარისთვის, ხალხისთვის, რომელიც უმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც მთიან რეგიონს ახასიათებს.
„პირველ რიგში, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები-გზები, რომლის მასშტაბით შეგვიძლია ვიამაყოთ, სკოლების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სპორტული მოედნები. ეს არის ის, რაზეც უნდა ზრუნავდეს ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით.
სულ ახლახანს გახლდით ავსტრიაში, პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაზე. ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა გავმართეთ. საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი – წევრობა ევროკავშირში, ნატოში. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის გზა, რომლითაც უნდა შევძლოთ, გავაერთიანოთ საქართველო. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყველა საუბრობს არის პანდემია. უხილავი მტერი, რომელსაც ებრძვის მსოფლიო – ყველა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, ძლიერია თუ სუსტი. ამ გამოწვევის დასაძლევად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას ვაქცინაციისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები. ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა – სხვა გამოსავალი არ არის. განათლების მიმართულებით ბევრი პროგრამა ხორციელდება.
მე ხშირად ვამბობ და აქაც გავიხსენებ, 15 წლის წინ, დღეისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების არ არსებობდა. ეს მიუთითებს თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ბაზარი და რამდენად იცვლება მოთხოვნები დასაქმების კუთხით. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ შესაძლებლობები, რათა მოსახლეობამ დასაქმებით ხელი შეუწყოს რეგიონის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთობით და იმ ხედვით შევძლებთ, რომელიც აქვს მმართველ გუნდს, რაც მოიაზრებს ძლიერ რეგიონს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, ვერ იქნება ძლიერი საქართველო ძლიერი რეგიონის გარეშე.
„თითოეული რეგიონზე მორგებული პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი, რათა ვნახოთ იმ პოტენციალის და შესაძლებლობების სრულად გამოყენება, რაც რეგიონს აქვს. ამიტომ ძლიერი თვითმმართველობა მნიშვნელოვანია – ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო და რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზურგს უმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას. მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ არჩევნებზე, მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, რომელსაც ვუსურვებ წარმატებას. წარმატება უნდა ვუსურვო „ქართულ ოცნებას“, ამ რეგიონს და მთლიანად საქართველოს“, – განაცხადა კუჭავამ.