კახა კუჭავა - საქართველოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია, ეს იყო თაობების ოცნება და ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი ურყევია – საქართველოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია! ეს იყო თაობების ოცნება, მიზანი და ჩვენ, ერთად, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
კახა კუჭავა მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და მიმართავს, რომ სწორედ ახლა, განსაკუთრებით მნიშნელოვანია მათი მხარდაჭერა.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო წვევანდელებს, რომლებიც დღეს სამხედრო ფიცს დადებენ. გარწმუნებთ, არაფერია იმაზე ღირსეული, საპატიო, საამაყო საქმე, ვიდრე ემსახურო შენს სამშობლოს, დაიცვა შენი ქვეყანა. სწორედ დღეს, კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი საქართველოს მეგობრებს, პარტნიორებს, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავლის, ვინც ათწლეულებია, ამ გზაზე, მხარში გვიდგას. თქვენ იცით, რომ ფასი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის გადაიხადა, ძალიან დიდია და ახლა, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება თქვენი თანადგომა. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი ურყევია – საქართველოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახშია. ეს იყო თაობების ოცნება, მიზანი და ჩვენ, ერთად, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დიდება საქართველოს, დიდება სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს“, – წერს კახა კუჭავა.