კახა კუჭავა - პარლამენტის სახელით მომზადებული განცხადება ხაზს უსვამს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას აქვს
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებული დოკუმენტი გააცნო ბიუროს წევრებს.
„14 ივნისს, ბრიუსელში ნატო-ს სამიტი უნდა გაიმართოს. პარლამენტის სახელით ჩვენ, ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც მრავალპარტიულია და პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმ დიდი პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას აქვს“, – განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს.
„აქ გახლავთ საკითხების ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნატო-ს წევრობა და რომ იგი ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ამ ფორმატის მნიშვნელობა მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. ნატო-ს და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე, მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება და ვაცხადებთ, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ერთიანი ძალით მივდივართ წინ. ხვალ, სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს. ამ ხელმოწერით ვაჩვენოთ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ყველას მოგიწოდებთ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.