კახა კუჭავა - ოპოზიცია თუ  მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მათ დააზიანებს, ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი
კახა კუჭავა - ოპოზიცია თუ  მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მათ დააზიანებს, ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი

ოპოზიცია თუ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს, რომ არ დაუჭირო მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, რადგან უმრავლესობა მზად არის, რომ ბოლომდე მიიყვანოს და შეასრულოს შეთანხმება, რომელიც შედგა მარტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, საჯარო განხილვები, რომლებიც ონლაინ პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტში განხილვა.

„პირადად ჩემი მოლოდინი არის, რომ  ამ ცვლილებებს მივიღებთ, იქნება საკმარისი მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, თუ ისინი საბოლოოდ მაინც გადაწყვეტენ, რომ არ დაუჭირონ მხარი, ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, უმრავლესობა მზად არის შეასრულოს შეთანხმება, რომელიც მარტის თვეში შედგა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ მზაობა იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონსტრუქციულ გარემოში ჩაიაროს განხილვებმა. არიან ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც არაერთგზის დაადასტურეს საკუთარი მზაობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, ამიტომ ეს საკმარისი რაოდენობა იქნება, რათა ცვლილებები მივიღოთ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარვსდგეთ იმ სისტემით, რომელიც ჯერ კიდევ მარტში შეთანხმდა. ოპოზიციამ მათ და ხალხის მიერ მოთხოვნილ საარჩევნო სისტემას მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან ეს არის მათ პასუხისმგებლობა. ჩვენი მხრიდან არის მზაობა და ბოლომდე ვაპირებთ მივიყვანოთ ეს პროცესი“,- განაცხადა კუჭავამ.