საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობაზე.
მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა ქვეყანა მათ გადასალახად და წინსვლისთვის მზად არის.
ევროკომისარმა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს.
საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იგი აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა.
მხარეებმა ეკონომიკისა და ინვესტიციების პაკეტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3.9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეიმ პაკეტის განხორციელებაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რადგან, მათივე თქმით, საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.