საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კუჭავას განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს.
„პირველ რიგში, მსურს გამოვეხმაურო ნატო-ში ონლაინრეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ყველაფერი ამის ფონზე არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც, მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. -ბევრი მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელიამ ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის.
ამასთან, კუჭავას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ კონკურენტულ ორთაბრძოლაში დამარცხდნენ, მაგრამ კვლავ სიცრუითა და ძალადობით ცდილობენ, შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა, რაშიც სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერას ითხოვენ.
კახა კუჭავა მოუწოდებს ყველას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ.
„ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას?
რა თქმა უნდა, მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს -ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკო-ზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება. ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხნენ თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად ცნოს.
თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა, პირველ რიგში მათ კარგად იციან, რომ დამარცხდნენ კონკურენტულ ორთაბრძოლაში, მაგრამ კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან. საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციის და დეესკალაციის მიზნით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით და ყველას მივეცით შანსი დესტრუქციის და ძალადობის მაგივრად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს დაბრუნებოდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას – გამოხატონ საკუთარი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.