კახა კუჭავა - კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია
კონგრესს არაფერი გაუყინავს და არანაირი დოკუმენტი, ცვლილებები არ მიუღია, ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
კუჭავა გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლის თანახმადაც, ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სანქციები დაუწესა და შეაჩერა საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების გაცემა.
კუჭავას თქმით, საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთი-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ძალიან ბევრი დრო დასჭირდება, რათა სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს.
კახა კუჭავა განმარტავს, რომ კონგრესს სანქციების დაწესებაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ეს არის ტყუილი. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. არაფერი კონგრეს არ გაუყინავს და არანაირი დოკუმენტი, არანაირი ცვლილებები კონგრესს არ მიუღია.
ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არის არაპროფესიონალიზმი და უნარი, ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან, ან მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაღაც თანხები გაყინეს და კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, პალატებიც კი ახსენეს და ა.შ.
საუბარი არის კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთი-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს.
ეს ქმედება, რომ უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა, ჩვენთან ისე იქნა გაყიდული და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კონგრესმა მიიღო რამე გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილისმომგვრელია, რადგან ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს არათუ მოკლე ფეხები აქვს, ეს არის 1-2 საათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა.
ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი, ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს აჟღერებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს თურმე რაღაც სანქციები დაუწესდა.
კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა, თუ ინგლისური იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე.
არის რამდენიმე კონგრესმენის მცდელობა, ეს ცვლილებები აისახოს აპოპეაციის დოკუმენტში და შეგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ დოკუმენტზე, რომელშიც ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაჩნდა ისეთი მხარდამჭერი ჩანაწერები, რომელიც ადრე არ ყოფილა.
ოფიციალური ვაშინგტონი, ჩვენი საელჩო თუნდაც უახლოეს წარსულში ადასტურებდა, რომ ასეთ მაღალ დონეზე ჩვენ შორის ურთიერთობები არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა, უცებ კონგრესს რაიმე გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს, ამას ძალიან დიდი პროცედურები უძღვის, პროცედურული ნაწილი, განხილვები.
ეს არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში განხილული იყოს. ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი არის აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი, დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ და ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, არამედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ ისე, როგორც არასდროს, ჩვენი ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე და ასეც გაგრძელდება. ჩვენი მტერი, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს და დაიძაბოს, ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.