კახა კუჭავა - ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისზე საუბარი, ვითარების განმუხტვისთვის მზადყოფნა, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა, აუცილებელია, ასეთი ნაბიჯები ოპოზიციამაც გადადგას
თითოეული ევროპარლამენტარის განცხადება და მათი მოსაზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, მაგრამ ეს არ არის მოცემულობა, რომ რაღაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისზე საუბარი, ასევე ვითარების განმუხტვაზე მზადყოფნა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, აუცილებელია, ასეთი ნაბიჯები ოპოზიციამაც გადადგას.
„თითოეული ევროპარლამენტარის განცხადება და მათი მოსაზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, მაგრამ ეს არ არის მოცემულობა, რომ რაღაც მოხდა. ეს მათი პოზიციაა. ამას შორის განსხვავება კარგად უნდა გავაკეთოთ და მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არავინ სანქციის დაწესებას არ ფიქრობს, სანქციაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის მათი მოსაზრება იმის თაობაზე, რა შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ არ მოხდება პარტიებს შორის შეთანხმება და ვითარების განმუხტვა. დარწმუნებული ვართ, ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელებას და მათ დარწმუნებას შევძლებთ არათუ ჩვენს განზრახვაში, რომ ვითარება როგორმე უნდა გადაიჭრას, არამედ შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგმება ამ თვალსაზრისით. ჩვენი მხრიდან იყო როგორც კომპრომისზე საუბარი, ასევე სიტუაციის განმუხტვაზე მზადყოფნა და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით. აუცილებელია, ასეთი ნაბიჯები ოპოზიციამ გადადგას. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერის განცხადება მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად იყო, მოლაპარაკების მაგიდა ოპოზიციის მხრიდან აყირავდა. ეს დასანანია, მაგრამ იმედია, მათი მხრიდან ასეთი ნაბიჯები აღარ გადაიდგმება“, – განაცხადა კუჭავამ.