კახა კუჭავა - ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები დგებიან ყარაბაღში, არ შეიძლება მშვიდობის გარანტი იყოს
კახა კუჭავა - ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები დგებიან ყარაბაღში, არ შეიძლება მშვიდობის გარანტი იყოს

ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები დგებიან ყარაბაღში, არ შეიძლება მშვიდობის გარანტი იყოს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები საკუთარი ინტერესების გატარებას შეეცდებიან.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კონფლიქტის სამშვიდობო გზით გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები დგებიან იქ, არ შეიძლება იყოს გარანტი იმისა, რომ მშვიდობა იქნება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი და მისი სამშვიდობო ძალები, სამწუხაროდ, ძალიან შორს არიან ნებისმიერი სახის მშვიდობის დამყარებისგან და ისინი თავისი ინტერესების გატარებას შეეცდებიან. ამიტომ, პირველ რიგში, მისასალმებელია თვითონ ფაქტი, რომ შეწყდა შეიარაღებული კონფლიქტი, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, ეს ორი ჩვენი მეზობელი ქვეყანა შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ამ რეგიონში კიდევ უფრო გაზარდოს თავისი გავლენა ე.წ. სამშვიდობო ძალებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.