ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონალური კონტექსტი. წელიწადზე მეტია ვებრძვით პანდემიას, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდპანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე. პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მასშტაბის გამოწვევას და ღირსეულად გამკლავებას კი სჭირდება საერთო კონსნსუსი და ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა“, განაცხადა კუჭავამ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.
„გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მჯერა რომ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანი, საზოგადოების ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს და განსხვავებულ ხედვებს ქვეყნის სასიკეთოდ დავაახლოებთ. მე ამის იმედი მაქვს. გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, დღეს იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირება გვჭირდება ნაცვლად უშინაარსო კრიტიკისა. ჩვენ უნდა დავდოთ რეალური შედეგები. ამას ელოდება ჩვენგან საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გვექნება ნაყოფიერი და საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება, ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საამისოდ, ვფიქრობ, სრული პოტენციალი აქვს. კიდევ ერთხელ, – სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრულფასოვანი შესრულება. ეს ჩვენი, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – განაცხადა კუჭავამ.
კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი, იღებს პასუხისმგებლობას, შემუშავდეს ისეთი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოში კიდევ უფრო უკეთეს დემოკრატიულ გარემოს, გაძლიერებულ საპარლამენტო ზედამხედველობას, ძლიერ, ქმედით, ინკლუზიურ და ღია პარლამენტს.
„ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში გაიზარდოს საზოგადოების, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და, შესაბამისად, მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება მმართველ გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე – უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. უნდა გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ და გახდეს მეტად ინტენსიური და ინკლუზიური. გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმები. ამავე დროს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისათვის. მნიშვნელოვანად გაიზრდება, კერძო სექტორის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში. და ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, – საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ მოუტანია. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხის და ქვეყნის ინტერესები. მე მჯერა, რომ ამ დარბაზში არ მოიძებნება არცერთი დეპუტატი, ვისაც არ ესმის ვითარების სერიოზულობა და ვერ იაზრებს საკუთარ როლს ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში. ამიტომაც, გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ შემოგვიერთდება, შეძლებს ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მუშაობას, რასაც ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, ამ იმედს არ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა კუჭავამ.