კახა კუჭავა - გაერო-ში გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ნამდვილად დასამახსოვრებელი და ძლიერი იყო
ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-სესიაზე.
კუჭავას შეფასებით, პრემიერმა გაერო-ს ტრიბუნიდან ყველა ის გზავნილი გააჟღერა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს და რის გაჟღერებასაც მოქალაქეები ამ ტრიბუნიდან ისურვებდნენ.
„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საშუალება გვაქვს, ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც თითოეულ ქართველს აწუხებს. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ნამდილად გამორჩეული იყო, ზუსტად იმ აქცენტების და გზავნილის მატარებელი, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგებინეთ ყველას იმ გამოწვევის შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. პირველ რიგში, ეს არის ოკუპაციის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ, ყოველდღიურად გრძელდება და არ ხდება იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც რუსეთს აქვს აღებული. გარდა გამოწვევებისა, საუბარი იყო მიღწევებზე, რომელითაც საქართველომ ნამდვილად შეიძლება იამაყოს. ასევე, საუბარი იყო არჩევნებზე, ძალიან დიდი მოლოდინია, რომ არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდება და ჩვენ ამ კუთხით ნამდვილად არავის არ გავუცრუებთ იმედს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს გამოსვლა იყო ქვეყნის ლიდერის შესაძლებლობა, ესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც აუილებელია, რათა მსოფლიოს გავაგონოთ ის გზავნილები, რომლითაც თითოეული ქართველი ისაუბრებდა, ამ ფორმატით გამოსვლის საშუალება რომ ჰქონდეს.
ოპოზიცია ბევრ რამეზე საუბრობს თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბევრ ტყუილს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, არასწორი შეფასებებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ფაქტი ერთია – ამ ბოლო პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ ძალიან ბევრი მაღალი დონის შეფასება და ის ანგარიშები, რომელებიც როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდან საქართველოს შესახებ გაკეთდა. ანგარიშებში პირდაპირ და ცალსახად არის მითითებული იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა სპეკულირება და ამ სპეკულაციებს საბოლოოდ დაესვა წერტილი.
ამ ბოლო დროს მიღწეული შედეგები, პირველ რიგში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სწორი გზით ვაგრძლებთ ჩვენ მუშაობას და პრემიერის გამოსვლაც ზუსტად ამას ემსახურებოდა. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან ძლიერი ქვეყნის ლიდერის ძლიერი გამოსვლა, თავისი ძლიერი გზავნილებით, რომელიც ხელს შეუწყობს კონსოლიდაციას. ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა“, – განაცხადა კუჭავამ.