კახა კუჭავა - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას, რომელიც საქართველომ აირჩია, უფრო მეტი შრომა და მეტი რეფორმა სჭირდება
გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ჩვენი განცხადება, რომ მზად ვიქნებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველი სამუშაო ვიზიტი გამართა ბრიუსელში, შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს.
„ჩვენ ასევე გვაქვს შეხვედრები ევროკომისართან და ნატო-სთან. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ჩვენი განცხადება, რომ მზად ვიქნებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ კანონმდებლობის რეფორმირებას, არამედ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას, რომ ქვეყანას არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული დღის წესრიგი ექნება და შესაძლებლობას – 2024 წელს თქვას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევასრულეთ ასოცირების დღის წესრიგი, არამედ შესაბამისობაში ვართ იმ რეფორმებთან, რომლებსაც ზოგადად ევროპული დღის წესრიგი მოიცავს“, – განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო საუბრები ევროპარლამენტარებთან, და საქართველოს გრძნობს მათ მხარდაჭერას.
„თქვენ მიერ ნახსენებ კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ მას ხელოვნურ კრიზისს ვუწოდებთ, რადგან ფაქტობრივად არ არსებობს საფუძველი იმის თქმისა, რომ მოხდა არჩევნების გაყალბება, როგორც ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს საქართველოში, რომლებიც სრულად შეესაბამება ეუთო-ოდირის განცხადებებსა და საბოლოო ანგარიშს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული გზით. ხელოვნური კრიზისი შეიქმნა გაყალბებული არჩევნების ბრალდებების საფუძველზე, მაგრამ ასეთი აღქმა აღარ არსებობს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მზად არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობაზე, ჩვენ გვჭირდებოდა შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ასე რომ, შარლ მიშელის ჩართვა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ – მათგან მხოლოდ ორმა თქვა უარი – უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ.
ის, რაც არ გვინდა ვიხილოთ მომავალში, არის საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი. საბედნიეროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში იმყოფება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე კვლავ უარს ამბობს, თუმცა არსებობს ნიშნები, რომ ისინი შემოვლენ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება გვექნება, ისინი გამოთქვამენ თავიანთ შეშფოთებასა და კრიტიკას პარლამენტის ტრიბუნიდან, კომიტეტის სხდომებიდან და არა ქუჩიდან, როგორც ისინი ამას დღემდე აგრძელებენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.