კახა კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია 20-24 იანვარს ბრიუსელს ეწვევიან, სადაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებული პროგრესის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი მდგომარების შესახებ იმსჯელებენ, მოხსენებით წარდგება კახაბერ კუჭავა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ ანდრიუს კუბილიუსთან, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტიან ტერესთან და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე რასა იუკნევიჩიენესთან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტარებთან – ურმას პაეტთან, ანდრეა ბოცსკორთან და რაინჰარდ ბიუტიკოფერთან.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს, აგრეთვე, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ბრიუსელში მოქმედი აკადემიური წრეებისა და ანალიტიკური ინსტიტუტის (Think-Tanks) წარმომადგენლებთან გამართავენ.