კახა კუჭავა - ევროპარლამენტარების დოკუმენტში არავის გვარი არ არის ნახსენები, იქ საუბარია ძირითადად იმ პოზიტიურ კონტექსტზე, რომელსაც ასოცირების გზაზე ქვეყანა იმსახურებდა
ევროპარლამენტარების დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრები და ვინმეს გვარი საერთოდ არ არის ნახსენები, იქ საუბარია ძირითადად იმ პოზიტიურ კონტექსტზე, რომელსაც ასოცირების გზაზე ქვეყანა იმსახურებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სექტემბერში იქნება საბოლოო კენჭისყრა სესიაზე და ერთი თვეში გაირკვევა ის სიმართლე, რაც წერია დოკუმენტში.
„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. პოლიტიკური პატიმრები და ვინმეს გვარი საერთოდ არ არის ნახსენები ანგარიშში. ძირითადად საუბარია იმ პოზიტიურ კონტექსტზე, რომელსაც ასოცირების გზაზე ქვეყანა იმსახურებდა. საუბარია რეფორმებზე, ასევე არის რეკომენდაციები და ცალკე პუნქტები შეიტანეს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ძალიან წარმატებულ ბრძოლას ეხება „კოვიდის“ წინააღმდეგ. რეკომენდაციებია სასამართლოს მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. აღნიშნავენ, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტი შევასრულეთ, ეს არის კონსტიტუციის მიღება და მეორე ასპექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეხებოდა, ისე როგორც ეს შეთანხმებული იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა კუჭავამ.