კახა კუჭავა - დღეს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს
დღეს ისტორიული დღეა. პატივს მივაგებთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. მის სახელს უკავშირდება ჩვენი პირველი თავდაცვითი ჯარის, ასევე იუნკერთა სასწავლებლის დაარსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სამების ტაძარში განაცხადა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
კახა კუჭავამ გენერალ კვინიტაძის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
„დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ძლიერ ჯარს, იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც ფიცი დადეს, ემსახურონ საქართველოს, ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვან ის ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი თოთოეული ქართველისთვის და რომელსაც ცხოვრება შეწირეს ისეთმა გმირებმა, როგორიც არის გიორგი კვიტინაძე. ეს განსაკუთრებული, სიმბოლური დღეა, რადგან ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დავესწროთ მის მიბარებას იმ ადგილას, სადაც ბევრი მამულიშვილი, გამოჩენილი ქართველი, მისი თანაგუნდელი ჰპოვებს განტევებას. ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის ძალიან ემოციურია, რომ დღეს მომეცა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი ამ დღეს. მინდა მადლობა ვუთხრა გენერალ კვინიტაძის ოჯახს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რომ ეს დღე დამდგარიყო და გენერლსი ნეშტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულიყო“, – განაცხადა კუჭავამ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.
მთაწმინდის პანთეონში ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.