კახა კუჭავა - დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და შეძლებენ, მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს დღევანდელი აქცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ისინი შეძლებენ, მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს დღევანდელი აქცია.
კახა კუჭავამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რას ფიქრობთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცოცხებით ხვდებიან აქციის მონაწილეებს. ხომ არ იგეგმება რაიმე პროვოკაცია ან დარბევა“.
„არანაირი დარბევა, სიტყვაც არ გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერ იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ისინი შეძლებენ, ნებისმიერი სახის მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს აქცია და მიეცეთ საშუალება, თავიანთი ნება გამოავლინონ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
რაც შეეხება კითხვას პრემიერის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, რათა მოეხდინა დესტაბილიზაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც“, – კუჭავას თქმით, აღნიშნული კომენტარი არ მოუსმენია და ამაზე ვერ ისაუბრებს.
„მე არ მომისმენია, რა კომენტარზეა საუბარი, ამიტომ კომენტარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა მე პირადად არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა კუჭავამ.
ამასთან, კახა კუჭავას თქმით, აუცილებელია, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს შესაბამისმა უწყებამ, იქნება ეს პენიტენციური დაწესებულება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო.
„თუ უფრო დიდი და საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მატარებელია ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობა, ჩაერთოს ყველა ის ბერკეტი, ის დაინტერესსებული მხარე, ვისაც ამის სურვილი აქვს, იქნება ეს სახალხო დამცველი, თუ დეპუტატები, მათ შეუძლიათ და ვიცი, რომ ეს ფორმატი შეიქმნა კიდეც, მიაწოდონ ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
რაც შეეხება კითხვას: „სასულიერო პირები აქტიურად საუბრობენ დიდ, ეროვნულ შერიგებაზე, იზიარებთ თუ არა მათ მოსაზრებებს და საჭიროა თუ არა, თუნდაც პოლიტიკური სპექტრიდან დაიწყოს ეროვნული შერიგება“, – კუჭავას შეფასებით, ეს საჭირო და აუცილებელიც არის.
„ვისურვებდი, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული თითოეული ქართველისთვის, ყველა ჩავფიქრდეთ, რამდენად სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. ვისურვებდი, რომ ეს არა მხოლოდ ჩანაფიქრი იყოს, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ თუნდაც პარლამენტი იყოს ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემი, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ თანამშრომლობას ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კახა კუჭავამ და დასძინა, რომ პარლამენტის ფორმატში ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო ინიციატივები იქნება.
„არჩევნების მეორე ტურიც დასრულდება, საბოლოო შედეგებიც იქნება, ყველა შევუდგებით მუშაობას და შემიძლია, გითხრათ, პარლამენტის ფორმატში იხილავთ ძალიან საინტერესო ინიციატივებს, რომელიც ზუსტად ამისთვის იქნება გადადგმული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.