ჩვენ ვცვლით პოლიტიკურ კულტურას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, 2019 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, უპირველესად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობის გაძლიერებას ემსახურებოდა.
„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ ვცვლით პოლიტიკურ კულტურას საქართველოში. 2019 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, უპირველესად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობის გაძლიერებას ემსახურებოდა. საქართველოში ბოლო 25-26 წლის განმავლობაში პირველად არის ასეთი მრავალპარტიული წარმომადგენლობა პარლამენტში, რომელიც მოიცავს 14 პოლიტიკურ პარტიას, სულ ცხრა პოლიტიკურ ბლოკს და ოპოზიციის ამდენი წარმომადგენელი – 60 პარლამენტარი 150-დან. 2024 წლიდან ჩვენ გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მმართველი პარტიის მზაობას გადავიდეს მეტად ევროპული სტილის საპარლამენტო ცხოვრებაზე და ეს გააკეთოს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაში.
ვფიქრობ, ეს სამი წელი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად იქნება გამოყენებული, იქნება უფრო მეტი დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც ადრე გვაკლდა. შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა საარჩევნო კოდექსის სრულად რეფორმირება. თუმცა, ამაზე შეთანხმება, დიპლომატებისა და ელჩების მონაწილეობის მიღმაც არსებობდა. საკითხზე მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შედგა. ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმნით კომპრომისის პოლიტიკურ კულტურას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.
მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%-ზე ნაკლებს ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.
„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 43%-ზე ნაკლებით მოვიგებთ, ეს გამოიწვევს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტის გააქტიურებას და დაიწყება მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმებისთვის. ადრეული გამოკითხვების გათვალისწინებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი 43%-ზე ნაკლების აღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.