საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, გავლენიანი კვლევითი ცენტრებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის გაგრძელების შესახებ. ხაზი გაესვა პოლიტიკური დისკუსიის პარლამენტში გადატანისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მხარეებმა ისაუბრეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს და ამ კუთხით, სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას გაუსვეს ხაზი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ყოველთვის აქტუალურია საქართველო და პროცესები, რომლებიც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო მიმართულებით მიმდინარეობს.
„ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინე მათგან და ჩემი გზავნილებიც გადავეცი, პირველ რიგში ის, რომ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად და ვაქციეთ უკვე, როდესაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. ახლა მეორე ეტაპია ამ დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა.
გარდა ამისა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში ევროკავშირის ჩართულობაზე ისაუბრეს.
„ექსპერტებთან ვისაუბრეთ ევროკავშირის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ასევე, იმ შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შარლ მიშელის და ევროკავშირის მედიაციით. აგრეთვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების შესრულება, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და პოლიტიკური პროცესის პარლამენტში წარმართვა, რათა შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, მივაღწიოთ კონსენსუსს ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.