კახა კუჭავა - ბევრი ისურვებდა, მმართველი პარტიის მიერ დასახელებული სპორტსმენები თავიანთ რიგებში ყოფილიყვნენ, თუმცა დააგვიანეს, რადგან ამ ადამიანების არჩევანი „ქართული ოცნებაა“
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ბევრი ისურვებდა, რომ მმართველი პარტიის მიერ გუშინ დასახელებული სპორტსმენები თავიანთ რიგებში ყოფილიყვნენ, თუმცა, მათ დააგვიანეს, რადგან ამ ადამიანების არჩევანი „ქართული ოცნებაა“.
ჟურნალისტებთან საუბარში კახა კუჭავა ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველამ კარგად ნახა, რამდენად ძლიერი, განახლებული და პროფესიონალებით სავსე პირველი ოცეული იყო წარმოდგენილი.
მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება, მეორე პარტია დაასახელოს, რომელსაც შესწევს ძალა და იმდენი რესურსი აქვს, რომ ასეთი განახლება ზედიზედ, მეორე საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთოს.
„აქ არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომითა და პროფესიონალიზმით დაამტკიცეს, რომ წარმატების მოტანა და შედეგის დადება შეუძლიათ. მათი მიმართულებები იქნება შედეგზე ორიენტირებული და წარმატების მომტანი. ოპოზიციის კრიტიკა არ მიკვირს, რადგან ისინი ორიენტირებული არიან ნეგატივზე. სრულ სიას დაველოდოთ, სადაც ბევრი ახალი საინტერესო სახე იქნება წარმოდგენილი. ეს ის სიაა, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს”, – აღნიშნა კუჭავამ.
დეპუტატის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სრულ სიაში იქნებიან, როგორც მოქმედი დეპუტატები, ასევე ახალი წევრები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის საქმიანობა გავაძლიეროთ არა მხოლოდ იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებებით, არამედ სპორტი და ახალგაზრდობასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ქვაკუთხედია ქვეყნის განვითარების. ის, რომ სამაგალითო და წარმატებული, ეროვნული ნაკრების მაისურით მოასპარეზე ადამიანები თავიანთ საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებენ, ეს გასაკვირი არ არის და არც პირველად ხდება. მთავარია, თუ როგორი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები შემოვიდნენ გუნდში ამ მიმართულების გასაძლიერებლად. მათ თავიანთ რიგებში ბევრი ისურვებდა, თუმცა, დააგვიანეს, რადგან ამ ადამიანების არჩევანია „ქართული ოცნება“, ის მიზნები და იდეოლოგია, რომელიც გაგვაჩნია და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ერთად გავაგრძელებთ ამ მიზნების განხორციელებას“, – დასძინა კუჭავამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული გუშინ წარადგინა.