კახა კუჭავა - არჩილ თალაკვაძეს მადლობას ვუხდი გაწეული საქმისთვის და მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც თავმჯდომარის, ისე მედიაციის პროცესში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობისთვის
მინდა, არჩილს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, როგორც თავმჯდომარის, ისე მედიაციის პროცესში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„საბოლოოდ, შეთანხმების პროცესი ძალიან წარმატებით დასრულდა და დოკუმენტს ხელი მოეწერა. არჩილმა ძალიან კარგად ახსნა, რომ ის იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი, მხარე და მიაჩნია, რომ მისთვის გაცილებით მართალი პოზიცია იქნება, ამ პოზიციების დაცვა გააგრძელოს უკვე როგორც ჩვეულებრივმა დეპუტატმა, გუნდის წარმომადგენელმა და არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ. აქედან გადავალ იმ საკითხზე, რომ მე ამ მოლაპარაკებებში არ ვიყავი მხარე, ის, რაც რეგლამენტში წერია, რომ უნდა ვიყოთ ნეიტრალური და ა.შ, აუცილებელია, პრაქტიკაში დაინერგოს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული ტესტი იქნება და დროში დავინახავთ, რამდენად წარმატებული ვიქნები მე, მათ შორის, ამ კუთხით“, – განაცხადა კუჭავამ.
აღნიშნული განცხადებით კახა კუჭავამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, როგორ ახსნის ნეიტრალურობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განმარტებას და რაში შეიძლება, იყოს მიუკერძოებელი კახა კუჭავა და არ იყოს არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ფაქტია, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს დაბალანსებული და ყველას მაქსიმალურად აძლევდეს საშუალებას, სრულად გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება, რაც ახალი რეგლამენტით აქვთ მინიჭებული.
„ორი-სამი წლის რეგლამენტში განხორციელდა მართლაც უპრეცედენტო ცვლილებები, რომელმაც ოპოზიციას საშუალება მისცა, როგორც არასდროს, ისე ძლიერად იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო, თუ ზედამხედველობის საქმიანობაში, ეს პოტენციალი სრულად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა კუჭავამ.
შეკითხვაზე, „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არჩილ თალაკვაძის შემთხვევაში ამ ყველაფერს საფრთხე დაემუქრა“, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ თავად არჩილ თალაკვაძემ ჩათვალა, რადგან ის მხარეს წარმოადგენდა და კონკრეტული შეთანხმების პროცესში ოპოზიციურ პარტიებთან ოპონირებდა, მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა, საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინა, როგორც გუნდის ჩვეულებრივ წევრს.
„მე ზუსტად მესმის არჩილის გადაწყვეტილება და პოზიცია, რომ ის მხარეს წარმოადგენდა, კამათობდა და ხშირად, ალბათ, მწვავე კამათიც იქნებოდა. თუ ამ შემთხვევაში ითხოვ იგივე ნდობას, რომ მე, როგორც თავმჯდომარე, მოდი, ახლა დაგეხმარები, შენი უფლებამოსილება სრულად განახორციელო, რა თქმა უნდა, შეიძლება, გარკვეული უხერხულობა, ან უნდობლობა არსებობდეს ოპოზიციის მხრიდან, რომ ის კიდევ ერთხელ არ იქნება მხარე. ეს იყო ძალიან სწორი არგუმენტი და ძალიან ღირსეული ნაბიჯი, რომელსაც ბევრი არ გადადგამდა, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და თავისი თავი მთლიანობაში, დაუთმო იმას, რომ გააგრძელოს ის ფუნქცია, რომელიც დაიწყო, წარმატებით გაგრძელდა და ვხედავთ კიდეც, რომ შეთანხმება შედგა. ამ კონსტრუქციულ დიალოგში მისი წვლილი ბევრმა აღნიშნა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „თავისუფალ ხედვაში“