კახა კუჭავა - 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ამნისტიის კანონს, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულება ძალაშიც აღარ არის
კახა კუჭავა - 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ამნისტიის კანონს, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ხელშეკრულება ძალაშიც აღარ არის

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, გავიდა ამნისტიის კანონიც და კარგად ვნახეთ, რომ ხელმოწერის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ არ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგაც წავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულება რეალურად უკვე ძალაშიც აღარ არის, რადგან არც ერთი მხარის მხრიდან არ ხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინება.

კახა კუჭავას განმარტებით, მმართველ გუნდს მათ შორის სასამართლო რეფორმათან დაკავშირებით ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს.

ამასთან, კახა კუჭავა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს.

„მათ ჰქონდათ გარკვეული მოლოდინი, რომელიც არ გამართლდა ისე, როგორც ისინი ელოდნენ, შესაბამისად, ბუნებრივია, მათგან იყო მსგავსი განცხადებები და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ არ განხორციელდა ისე, როგორც მათი მხრიდან იყო მოლოდინი.

თუმცა ფაქტი ერთია, გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა სხვა კანონპროექტებიც გავიდა, მათ შორის ამნისტიის კანონი და ძალიან კარგად ვნახეთ, მიუხედავად ხელმოწერისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც არ დაუჭირა მხარი, არათუ არ დაუჭირა, წინააღმდეგაც წავიდა.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ თვითონ ეს ხელშეკრულება, რეალურად უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალაშიც აღარ არის, რადგან არც ერთი მხარის მხრიდან არ ხდება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, მოწერილი აქვთ, ხელი თუ არა. პირდაპირი ვალდებულება იყო, მათი მხრიდანაც რომ აღსრულებულიყო და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, მგონი, „ლელომაც“ წინააღმდეგ მისცა ხმა, არათუ მხარი დაუჭირეს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ამას ვაცხადებთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის ძალიან ამბიციური, მათ შორის სასამართლო რეფორმათან დაკავშირებით. ამას ყოვლთვის ვიტყვით და გავიმეორებთ, როგორც გათვალისწინებული იყო. ვინაიდან საჭიროა და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ეს რეფორმაც განხორციელდეს, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ყველა იმ საკითხს, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნა ნათქვამი“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

​ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, ასევე, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, „გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად“.

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, განაახლებდნენ ძალისხმევას, ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და მათ პირობა უნდა შეასრულონ.

ასევე, საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“. საელჩოს განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.