კახა კოჟორიძე - არის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო დაადოს
„ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.
როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, ეს კანონპროექტი არის პირდაპირ და პრინციპულ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან.
„ამ კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება სანქცია ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 541 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, აქ სანქციას ზრდიან და რამდენიმე ათასლარიან სანქციას აწესებენ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის პრობლემური კანონი და სანქციების გაზრდა უკან გადადგმული ნაბიჯია. პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი პოზიცია, ის ამ საკითხით არის დაინტერესებული. თქვენთვის ცნობილია, რომ ეს შეხვედრა სწორედ მისი ინიციატივით ხორციელდება“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით ეს მისი გადასაწყვეტია.
„გამომდინარე მისი ინტერესიდან, ვფიქრობ, არის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადოს“, – განაცხადა კოჟორიძემ.