კახა კოჟორიძე - შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მზად არის, შექმნას უფრო ანგარიშვალდებული სისტემა და ამ პროცესში ვუსურვებ წარმატებას
თუ გადავავლებთ თვალს ბოლოდროინდელ დამოუკიდებლობის ისტორიას, ნათლად დავინახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ყოველთვის იყო სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნა და აი, ამ სისტემაში პროკურატურა ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან რგოლსა და ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.
როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, როდესაც საუბარი მართლმსაჯულების სისტემაზე, ყველაზე მთავარი არის პოლიტიკური ნების პრობლემა.
„რთულია ისაუბრო პოლიტიკურ ნებაზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ აი, იუსტიციის მინისტრმა ასე დემონსტრაციულად დაარღვია მთავარი პროკურატურის შესახებ კანონი და წარდგენის პროცესში დაარღვია ეს ისე, რომ საზოგადოებასთან არ მოახდინა კონსულტაცია, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული და ამაზე დღემდე არავინ განმარტებას არ აკეთებს, რაც პრობლემურია. ცხადია, ვუსურვებ წარმატებას ახალ მთავარ პროკურორს, რომელმაც დღეს ძალიან ღიად დააფიქსირა მზაობა, რომ საქართველოში შეიქმნას პროკურატურა, რომელსაც აუმაღლდება ნდობა და იქნება იმ გამოწვევების საპასუხოდ მომუშავე, რაც არსებობს საქართველოში. ისიც განაცხადა, რომ მზად არის, შექმნას სისტემა, რომელიც იქნება ყველაზე უფრო ანგარიშვალდებული მსოფლიოში, ეს მისი სიტყვებია. ამ პროცესში ვუსურვებ წარმატებას, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებელ, ანგარიშვალდებულ მთავარ პროკურატურას მთავარი გამოწვევა აქვს პოლიტიკური ნების არარსებობის სახით და ამ პროცესში, ცხადია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობს მათ შორის როგორი უნდა იყოს საბჭო, როგორი ანგარიშვალედებულება უნდა განესაზღვროს კანონით, ეს არის პოლიტიკოსებისა და პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხები”, – განაცხადა კოჟორიძემ.