კახა კოჟორიძე - პროცესით, რომელსაც თვალს ვადევნებთ, საქართველოში მართლმსაჯულების ბედი წყდება
პროცესით, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, საქართველოში მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მართლმსაჯულების ბედი წყდება, – ამის შესახებ იურისტმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ მსჯელობდნენ.
მისი თქმით, ახალი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნებიან.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უზენაესი სასამართლოს წევრების დაახლოებით ორი მესამედით განახლებაზე და ახლად დანიშნული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში დაინიშნებიან უვადოდ. ფაქტობრივად, პროცესით, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, საქართველოში წყდება მართლმსაჯულების ბედი მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამიტომ საქმე გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვან პროცესთან“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისი თქმით, პროცესის სწორად წარმართვისთვის საჭიროა საზოგადოების მობილიზება.
„ამ პროცესის სტარტი შემაშფოთებელია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლიანად მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება. ცხადია, ამ აღშფოთებას ვუერთდები. საჭიროა მობილიზება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და სამართლიანად“, – აღნიშნა კოჟორიძემ.
მისი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტში ახლა განიხილება აღნიშნული საკითხი თუ საგაზაფხულო სესიაზე, რადგან პრობლემა პრობლემად დარჩება.
„სესიებს შორის გადანაცვლება კი არ არის საჭირო, საჭიროა ფუნდამენტურად სწორი მიდგომა საკითხისადმი. პირველ რიგში, პარლამენტმა სწორი რეგულაციები უნდა განუსაზღვროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. როგორც ვნახეთ, რეგულაციის არ არსებობის პირობებში, საბჭომ თვინომინირება გააკეთა და დაასახელა კანდიდატები, რომელიც ვიხილეთ. ამიტომ პარლამენტმა უნდა შეზღუდოს, რომ საბჭომ იგივე კანდიდატები იგივე პროცედურით არ აირჩიოს“, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოქმედი მოსამართლე წევრების გარდა, არც ერთი იურისტს, როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს, არ მისცა უფლება, პროცესში მონაწილეობა მიეღო.
რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების დასახელებას პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.