კახა კოჟორიძე - ნომერ პირველი ამოცანაა, აქციაზე უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი და სოფიო შამანიდი დღეს პრეზიდენტის დავალებით, პარლამენტის წინ, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში იღებენ მონაწილეობას და აცხადებენ, რომ ნომერ პირველი ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია.
ამასთან ისინი ითხოვენ, აქციაზე მყოფმა ასობით და ათასობით ადამიანმა ისარგებლოს ამ უფლებით, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით.
„ცხადია, ყველა ადამიანი მხარს უჭერს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში სამართალდამცავებს აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავად სამართალდამცავებმა რაიმე ფორმით არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა. ის, რაც მოხდა გუშინ საჭიროებს შესწავლას სხვადასხვა ფორმატით; ეს უნდა შეფასდეს როგორც უფლებადამცველების, ასევე სახალხო დამცველისა და პარლამენტის მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხადია, უნდა ებრძოლოს დანაშაულს, მათ შორის ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიცაა ნარკოტიკების რეალიზაცია, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.
შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.
უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.