კახა კოჟორიძე - მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ
კახა კოჟორიძე - მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია დანაშაულის შემცველ ქმედებებზე, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.

კოჟორიძე გამოეხმაურა მოსამართლე შავაძის განცხადებას, სადაც ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო, დევნიდნენ.

როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არის კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, რაც პირდაპირ წერია კანონმდებლობაში.

„მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, მაგრამ უნდა გავიაზროთ ის, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა დგას თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობასა და დაცულობაზე. მე პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს რამდენიმე დღის წინ და ვესაუბრე ამ საკითხზე. ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა. ის რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში.

ახლა მთავარია, რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე საბჭო იმსჯელებს, ვერ იქნება საკმარისი პასუხი იმიტომ, რომ საუბარია დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით და ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება“, – განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.