კახა კოჟორიძე - მისასალმებელია ყველა ნაბიჯი, რომელიც არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას ტოვებს
არავის სჯერა გულუბრყვილოდ, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხოლო ირაკლი კობახიძე ამის გამო გულწრფელად აღშფოთდა, – ასე გამოეხმურა პარტია „ლელო საქართველოს“ წევრი კახა კოჟორიძე პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს.
როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, მისასალმებელია ყველა ნაბიჯი, რომელიც ტოვებს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში.
„შეიძლება „ქართული ოცნების“ პირობებში ამის შანსი უაღრესად დაბალია, მაგრამ გუშინდელი ნაბიჯი აქეთკენ იყო გადადგმული. არავის სჯერა გულუბრყვილოდ, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხოლო ირაკლი კობახიძე ამის გამო გულწრფელად აღშფოთდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ისინი ეძახიან თუ არ ამ ადამიანებს პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ იქნებ პატარა შანსი არსებობდეს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, არჩევნები, სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს შეებრძოლებიან საარჩევნო პროგრამებით, ხედვებით და იდეებით. „ლელო“ ამისთვისაა მომართული და მზად არის, ხელისუფლებასთან ნებისმიერ დებატში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე იდებატოს. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოისმინონ არა ერთმანეთის შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება, არამედ მოისმინონ თითოეული პოლიტიკური ძალა მათ და ქვეყნის მომავალს რას ჰპირდება“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ შეიწყალა.