კახა კოჟორიძე კახა კალაძეს კითხვით მიმართავს, რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი
„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კოჟორიძეს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული ადგილის მიმართ შიშები აქვს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელოვნურად ჭიანურდება.
„საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ, ყველას ერთად აგვეშენებინოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. ახლა რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებით, რომელიც დამოუკიდებლობის ისტორიაში და ამ პერიოდში თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე მთავარი ადგილია. ეს ადგილი შემოღობილია რაღაც ორი ფილის შეცვლის გამო. ნახევარი წელია, ამ ადგილას მიმდინარეობს გაუგებარი სამუშაოები. მინდა, კალაძეს მივმართო კითხვით, არ გრცხვენიათ, რომ დამოუკიდებლობის დღეს, უკვე მეექვსე თვე არის მწვანე ზონრით, თუ ღობით შემოღობილი. სამარცხვინოა, რომ ასეთი მდგომარეობაა. ვფიქრობ, ეს ადგილი, როგორც შეკრების მთავარი პლაცდარმი, „ქართულ ოცნებაში“ გაუგებარ შიშებს აღძრავს და ამიტომაც არის შემოღობილი“, – აცხადებს კოჟორიძე.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.