კახა კოჟორიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არის ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული სამწუხარო სიურპრიზის მოწმე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული, რომლის საქმეც სააპელაციო სასამართლოში ჯერ ისევ განიხილება. კოჟორიძის განცხადებით, ასეთი ინფორმაციები „პოლიტიკური სპექტაკლია“, რომელიც მმართველი პარტიის მიერაა დაკვეთილი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არის მოწმე ბატონი ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელიც არის პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი და რომლის დამკვეთიც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პარტია „ქართული ოცნებაა“, მასში მონაწილეობას კია სახელმწიფო უწყებები იღებენ.
დღეს გავრცელებული ინფორმაცია სამწუხაროდ, ნათელი მაგალითია, როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული.
შეწყალების კომისიამ მიმართა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ამაზეც პასუხი იყო, რომ არ იყო გასაჩივრებული. ამ ყველაფრის მერე, ბატონი ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღის წესრიგზე, რაც არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებული ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო.