კახა ქემოკლიძე - სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგო რჩება თავის ადგილზე
სოფელ ჩოჩრანასთან, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობასა და დე ფაქტო მთავრობას აქვთ დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბლოკპოსტის დაშლის საკითხი ტექნიკურად არ განხილულა.
„ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ, გავცვალეთ ის მოსაზრებები, რომელიც არის განსხვავებული, მაგრამ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, საგუშაგო მოცემულ მომენტში აბსოლუტურად რჩება თავის ადგილზე.
„დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის შფოთვა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მათი შფოთვა და წუხილი არის ჩვენი წუხილი, მაგრამ ამავდროულად, ავუხსენით ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომელიც ასახავს ამ საგუშაგოს მნიშვნელობას უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობის კუთხით და არა პირიქით“, – განაცხადა ქემოკლიძემ.