„თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს, საერთო ჯამში, 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი
თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით 398 ვაკანსია აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ როგორც დასუფთავების სამსახურში, ისე სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მიმართულებით.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომლებიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილის N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ, განცხადება გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ან დარეკონ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50.