კახა კალაძის ინფორმაციით, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს
კახა კალაძის ინფორმაციით, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„ერთი წლის წინ მერიის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“. ფონდი აცხადებს კონკურსებს და გამარჯვებული არტისტების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეებში დროებით იფინება. უკვე განხორციელდა შვიდი პროექტი. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ ორი ახალი პროექტის შესახებ: ვარკეთილში, მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე განთავსდა ზურა ჯიშკარიანის ლიტერატურული ტექსტი, ლადო ლომიტაშვილის ძალიან საინტერესო არქიტექტურული დიზაინით. ასევე, ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ, დაათვალიეროთ შთამბეჭდავი ფოტოგამოფენა. მთელი თბილისის მასშტაბით 47 ბილბორდზე შეგხვდებათ ოთხი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის – ანა ფატლაძის, სანდრო ხუციშვილის, გიორგი შენგელიასა და საბა გორგოძის ფოტონამუშევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტების ზუსტ მისამართებსა და სხვა ინფორმაციას საზოგადოება ფონდის ვებგვერდზე იხილავს. მისივე თქმით, ფონდს ასევე აქვს მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა უბანში არსებული საჯარო და კერძო სკოლებისთვის, ბაღებისა და უნივერსიტეტებისთვის.

გარდა ამისა, კახა კალაძის ინფორმაციით, ხშირად ტარდება საჯარო ლექციები, ვორკშოფები, შეხვედრები არტისტებთან, სადაც დასწრება თავისუფალია.