კომპანია „სისტრას“ შესაძლოა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ ახალი მარშრუტების შედგენა დაევალოს
როდესაც დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, გასათვალისწინებელია არსებული წრიული მარშრუტები, ფაქტი სახეზეა, რომ განტვირთა მოძრაობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მიუხედავად, თბილისში ავტომობილების გადაადგილება მოწესრიგებულია. კახა კალაძის თქმით, საჭირო იქნება კომპანია „სისტრამ“ დაამუშავოს აღნიშნული მარშრუტები.
„თავდაპირველად ძალიან ბევრი შიშობდა, რომ ქუჩების გადაკეტვით შეიძლებოდა კოლაფსი გამოწვეულიყო ქალაქში, თუმცა ხედავთ როგორი მოწესრიგებულია გადაადგილება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს ძალიან სწორი მარშრუტები იქნა შედგენილი. არ შემიძლია არ ავღნიშნო შსს-სთან ჩვენი თანამშრომლობა, მადლობა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, საპატრულო პოლიციას, ბიჭებს, რომელიც დღე და ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოძრაობა უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი.
სხვათაშორის მოგვიწევს დაფიქრება და ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც გვყავს აყვანილი, იქნებ მას დაამუშავებინოთ ეს მარშრუტები. ცხადია, რომ ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი, რომელიც გადაკეტილია ამ მარშრუტებით, რომელიც ახლა გვაქვს დადგენილი მოძრაობა შესაძლებელია აბსოლუტურად თავისუფლად. იქნებ როცა დასრულდება ჭავჭავაძის გამზირი გაითვალისწინოთ ეს არსებული მდგომარეობაც და ეს წრიული მარშრუტები მგონია საკმაოდ საინტერესოა. ფაქტი სახეზეა, რომ განტვირთა მოძრაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.