კახა კალაძემ ზაქარიაძის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ გამწვანებული ტერიტორია დაათვალიერა
საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის N3-ში, ამხანაგობისა და გამგეობის მხარდაჭერით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა და გაამწვანა.
სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან და „ამხანაგობა 100“-ის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძესთან ერთად დაათვალიერა.
ზაქარიაძის ქუჩა N3-ში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით, უკანონო ღობეები მოხსნეს და ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. აღნიშნული ტერიტორია შემდგომში მოწესრიგდა, დამონტაჟდა დეკორატიული ლამპიონები, გაკეთდა სარწყავი სისტემა. ეზოში დაირგო სხვადასხვა ჯიშის ნერგები, რომლის მოვლა-პატრონობას თავად მოსახლეობა ახორციელებს. ამასთან, საკუთარი ეზოების მოწესრიგების პროცესში კიდევ 15 ამხანაგობა ჩაერთო.
საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კი ზაქარიაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. განხორციელდა ორი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ასობით ხე-მცენარე, დაიგო ბალახის საფარი, ხეებს გაუკეთდა მულჩირება, დამონტაჟდა საპარკე სკამები.