კახა კალაძემ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საკითხის შესწავლა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საკითხის შესწავლა მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.
როგოც კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დღის ბოლომდე აღნიშნულ საკითხზე სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
„ყიფიანის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებლობაზე კლდე ჩამოიშალა, სადაც სასტუმრო შენდებოდა.
მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის შემდეგ დაიბაროთ კომპანია, ვინც აწარმოებდა სამუშაოებს. ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი მერიაში. რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლოსვე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.