კახა კალაძემ წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების დავალება გასცა
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს და მუნიციპალურ ინსპექციას წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება და იქ განთავსებული ამწის დემონტაჟი დაავალა.
კახა კალაძის თქმით, ობიექტზე ამწის საშუალებით მოძრავი ტვირთი იქვე არსებული სკოლის მიმართულებით გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, კომპანია მშენებლობის გაგრძელებას ამწე მოწყობილობის დემონტაჟისა და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხო პირობების შექმნის შემდეგ შეძლებს.
„წყნეთის გზატკეცილზე, შპს „ამბრელასა“ და შპს „ბიჩ ბილდინგ ბაგების“თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდა ობიექტზე დამონტაჟებული ამწე მოწყობილობის აკრძალვის აუცილებლობა, ვინაიდან ტვირთის გადაადგილებისას არ არის უზრუნველყოფილი მომიჯნავე ნაკვეთებზე უსაფრთხოება, კერძოდ, საპირწონის კონსოლზე მიმაგრებული ტვირთი, ამწის განთავსების ადგილიდან გამომდინარე, გადაადგილდება შპს „ახალი სკოლის“ მიმართულებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
მინდა, დავავალო კახა გულედანს და მუნიციპალურ ინსპექციას, დღესვე მოჰყვეს რეაგირება და შეჩერდეს მშენებლობა. დაიწყეთ არსებული ამწის დემონტაჟი და ამის შემდეგ ექნება კომპანიას შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.