კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტპარკი გახსნა
კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტპარკი გახსნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტპარკი გახსნა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტპარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტპარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ.

ზოგადად, სკეიტპარკები მზიურის პარკსა და დედაენის ბაღში უკვე გავაკეთეთ და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ზუსტად ასეთი პროექტები გვჭირდება, რომ სკვერები, პარკები სავსე იყოს ადამიანებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სკეიტპარკების, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ.“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სკეიტპარკი 508 კვ.მ-ზე, სპორტული ცენტრების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის მიზანია, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე. ​სკეიტპარკის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 450 164 ლარს შეადგენს. ადგილზე კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.