კახა კალაძემ ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა [ფოტო]
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა.
თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა იყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებდა. ერთი, რომ სანიაღვრე არ არსებობდა და მეორე, რომ კანალიზაცია არსებულ სანიაღვრეში ჩაედინებოდა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მინდა, GWP-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი საკანალიზაციო ქსელს აწესრიგებენ. მთლიანად ახალი, რეაბილიტირებული სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „კაპიტელი“ ატარებს. პროექტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო და ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 063 376 ლარია.