კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფში“ იმყოფებოდა [ფოტოები]
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფში“ იმყოფებოდა [ფოტოები]

თბილისის მერმა კახა კალაძემ “თბილსერვის ჯგუფის” ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ, დიდი ყურადღება დაეთმობა ქალაქის დასუფთავებას.

„ამ შეხვედრის მთავარი მიზანია, ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ, შესაბამისად, ყველანაირი მზაობა არის. შეძენილია მარილი – მგონია, ზამთარში არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ საჭირო იქნება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, ესეც შესაძლებელია.

ჩვენ გვყავს ჩვენი ტექნიკა და შესაბამისად, ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება. ასევე, სამომავლოდ, დიდი ყურადღება დაეთმობა ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიის გამოსწორება არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და ეს არის კომპლექსური. აუცილებლად მომავალში დაგვჭირდება ტექნიკის შეძენა იმისთვის, რომ თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს.

ეს დასუფთავებით არ შემოიფარგლება – არის სხვადასხვა მიმართულება, რომელსაც ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, ეს არის მშენებლობა, მისი მოწესრიგება, ტრანსპორტი, გამონაბოლქვი და ამ ყველაფრის რეგულირებაში მოყვანა.

საერთო ჯამში, კარგ სურათს მივიღებთ ეკოლოგიის თვალსაზრისით“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ნარჩენების მართვას, კალაძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ვალდებულება.

„შესაბამისად, იმ დონეზე ვართ ჩვენც მისული, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება, აუცილებელია სეპარირება, შესაბამისად, ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ლილოს ნაგავსაყრელი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, –  განაცხადა კახა კალაძემ.