კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, რომ აკრძალულ ადგილებზე გაკრული სულელური პლაკატები ჩამოხსნან
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლევა ჯღარკავას აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დავალა.
როგორც კახა კალაძე აღნიშნა, საარჩევნო პლაკატებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულია კონკრეტული ადგილები, თუმცა ისინი აკრძალულ ადგილებზეა გაკრული.
„მინდა, შევეხო საკმაოდ მტკივნეულ და პოლიტიკური სუბიექტებისთვის უხერხულ საკითხს. ყველამ იცით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არის კონკრეტული ადგილები, სადაც არ შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა. ჩვენდა სამწუხაროდ, თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული ისტორიულ ძეგლებზე, არის მეტროს ჩასასვლელებში, ისეთ ადგილებზე, რომელიც ქმნის ძალინ დიდ უხერხულობას. მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ ქალაქი ხომ გვიყვარს, გული შეგვტკივა ამ ქალაქზე, ხომ არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. მინდა, „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, დღესვე დაიწყოთ გასუფთავება და დარეცხვა ამ კონკრეტული ადგილების. კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდება. მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, რომ განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ძვირფასი, მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ რაღაც სულელური პლაკატებით. შესაბამისად, იმოქმედეთ დღესვე და მოაწესრიგეთ ყველაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.