კახა კალაძემ „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „თბილისობის“ ჩატარებისთვის ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
თბილისის მერის თქმით, გარდა ამისა, დედაქალაქის მერიას უკვე დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის.
„გასულ შაბათ-კვირას „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წელს ღონისძიებები საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი სავსე იყო თბილისელებით და ჩვენი ქალაქის სტუმრებით. ამდენი წელია, დედაქალაქის მერი ვარ და ამდენი ხალხი არ გვახსოვს არცერთ „თბილისობაზე“. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, შემოქმედებით ჯგუფებს, არტისტებს, ყველა მონაწილეს. მადლობა კერძო კომპანიებს, სარესტორნო ბიზნესს, რომლებიც, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც აქტიურად იყვნენ ჩართული სამზადისში. ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყველაფერი. ყველას დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა თბილისელებს და მის სტუმრებს გართობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„უკვე დაწყებული გვაქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.